Monday, September 29, 2014

ადგილები, ისტორიები - გორის ქალთა საზოგადოება "მანდილოსანი"

ქალთა საზოგადოება „მანდილოსანი“ გორში 1913 წელს დაარსდა. საზოგადოების დამაარსებლებს შორის ცნობილი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ფემინისტი ანასტასია ერისთავი-ხოშტარიაც (1868-1951) იყო. ანასტასია შემდგომში საზოგადოების მმართველი გახდა. 

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
© ეროვნული ბიბილიოთეკა 


„მანდილოსანს“ კარგად ჩამოყალიბებული, თანასწორობასა და  ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებული  წესდება ჰქონდა. წესდების მეორე მუხლში ვკითხულობთ: „მანდილოსანის“ მოქმედება: 1) მოაწყოს სათანადო ნებართვისამებრ განმანათლებელი ხასიათის დაწესებულებანი: სკოლები, საბავშვო ბაღები, კურსები, წიგნთ-საცავები, სამკითხველოები, წიგნების გამოცემა და სხვ.. ა) გამართოს მოქმედ კანონების დადგენილ წესისამებრ ლექციები, რეფერატები და საზოგადო კითხვები, ბ) შეძლებისდაგვარად აძლიოს ფულით შემწეობა გ) გახსნას სხვადასხვა სახელოსნოები და დ) დააფუძნოს განსაკუთრებულ ნებართვის აღებით  საურთიერთო დამხმარე კასები, თავშესაფრები, საავადმყოფოები და სხვ“. 

იმ დროის ქართველი ფემინისტი და აქტივისტი ნინო ტყეშელაშვილი თავის მოგონებაში საზოგადოება „მანდილოსნის“ შესახებ იხსენებს: „მათ გახსნეს უფასო შკოლა, სადაც უფასოთ ასწავლიდნენ და ამავე დროს უფასოთ აძლევდნენ სასწავლო ნივთებს და ტანისამოსსაც. ამ სკოლაში სამოცზე მეტი ბავშვი იყო. ამ სკოლის გარდა გახსნეს საკვირაო შკოლა, სადაც უფასოთ სწავლობდენ წერა-კითხვას, თან აქ ღარიბების თავშესაფარი იყო. თუ რომელიმე მოწაფე რამეს აკეთებდა ამ დაწესებულებისთვის, მას თვიური ჯამაგირი ეძლეოდა. ამ დაწესებულების ხარჯის დასაფრად გახსნეს საჩაიე და სასადილო და პატარა კოხტა კოოპერატიული მაღაზია. საზოგადოების მაღალმა მიზანმა ხალხი მიიზიდა - საჩაიე, სასადილო და კოოპერატივი სულ სავსე იყო მუშტრებით.“ 

განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ „მანდილოსანი“ იყო ქალთა პირველი სოციალური საწარმო საქართველოს ისტორიაში. საჩაიედან და საკონდიტროდან შემოსული მოგებით „მანდილოსანი“  საქველმოქმედო აქტივობებს აფინანსებდა. „მანდილოსანს“ თავისი ფილიალები ჰქონდა სურამსა და მეჯვრისხევში.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ გაბსაჭოებამდე - 1921 წლამდე იარსება ისევე, როგორც ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას სამწერლო, თუ საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია ერთ-ერთი მათაგნი იყო, ვინც ქართულ ლიტერატურაში რომანის ჟანრის დამკვიდრებას  და ქალთა პრობლემატიკის წინ წამოწევას შეუწყო ხელი. 

საზოგადოება "მანდილოსნის" საჩაიე გორში სამეფოს ქუჩაზე მდებარეობდა. სამეფოს ქუჩა დღესაც იგივე სახელწოდებით არსებობს. მანამდე იგი ლენინის, ხოლო მოგვიანებით ერთობის ქუჩის სახელით იყო ცნობილი. 

გორი, სამეფოს ქუჩა დღეს
© ლიკა ლეჟავა 

წყაროები:
1.ნინო ტყეშელაშვილი „ჩემი მოგონება ანასტასია ერისთავი-ხოშტარიაზე“  საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის არქივი #13-195:6.
2. ინტერვიუ ელდარ მამისთვალიშვილთან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თებერვალი, 2014 წ. 

No comments:

Post a Comment