Monday, March 31, 2014

ადგილები, ისტორიები - ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში

ეს ბლოგი ქალთა ფონდის საქართველოში მხარდაჭერით შეიქმნა პროექტის ფარგლებში "ადგილები, ისტორიები - ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში". 

ბლოგის საშუალებით გვსურს გაგაცნოთ ქალთა საზოგადოებრივი მოღვაწეობის ისტორია, მოგიყვეთ იმ არაჩვეულებრივ ადამიანებზე, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ქალთა ემანსიპაციისთვის ბრძოლაში. ეს ქალები საბჭოთა ისტორიოგრაფიამ მიზანმიმართულად უარყო და დაივიწყა. ჩვენი მიზანი კი სწორედ საბჭოთა წარსულის "მტვრისაგან" გათავისუფლებაა.

გვინდოდა მკითხველისთვის ორიგინალური ფორმით მოგვეთხრო ეს ისტორიები. ამისთვის, შევქმენით 20 ფოტო-ისტორია. ეს ფოტო-ისტორიები ასახავს იმ საჯარო სივრცეებს, სადაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ფემინისტურ ინტერვენციას. ჩვენი მიზანი იყო  " მოგვენიშნა" ეს ადგილები,  რომელიც არასოდეს ყოფილა მემორიალური მეხსიერების ნაწილი, მითუმეტეს ქალთა აქტივიზმის კუთხით. ფოტო-ისტორიები ჩვენი პატარა მცდელობაა შევეჭიდოთ პატრიარქალურ ისტორიოგრაფიასა და ინსტიტუციონალიზებულ მეხსიერებას, რომელიც, როგორც წესი, უსამართლოდ არჩევს - რა უნდა გვახსოვდეს და რა არა. 

ფოტო-ისტორიებში თქვენ შეხვდებით თქვენთვის უცნობ და ნაცნობ ადგილებს, მაგრამ წაიკითხავთ  უცნობ ისტორიებს, როგორც ცალკეული ქალების, ასევე ქალთა ჯგუფების არაჩვეულებრივი ინიციატივების შესახებ. "ადგილებზე და ისტორიებზე" მკვლევარმა თამთა მელაშვილმა და ფოტოგრაფმა ლიკა ლეჟავამ ვიმუშავეთ. 

ისტორიების თხრობას კი ქუთაისიდან დავიწყებთ. 

ქუთაისი, კატო მიქელაძე, "ხმა ქართველი ქალისა" 


კატო მიქელაძე
ფოტო: © ლიტერატურის მუზეუმი
კატო მიქელაძე (1878-1942) თავისი მსოფლმხედველობითა და საზოგადოებრივი საქმიანობით ყველაზე გამორჩეული ფემინისტია საქართველოს ისტორიაში. მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწე ქალებისგან განსხვავებით მიქელაძე მხოლოდ საგანმანათლებლო მოძრაობაზე არ ყოფილა ორიენტირებული, ის სუფრაჟისტულ ბრძოლას და ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებას განსაკუთრებით უჭერდა მხარს. 

კატო მიქელაძემ საქართველოს ისტორიაში პირველი და ერთადერთი ფემინისტური გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა" დაარსა, რომელიც ქუთაისში 1917-1918 წლებში გამოდიოდა. ყოველკვირეული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა" აქტიურად ეხმაურებოდა მიმდინარე მოვლენებს, თანმიმდევრულად და მკაცრად კრიტიკული იყო ძალაუფლებრივი ინსიტიტუციებისადმი, აღიარებდა "სწორუფლიანობის" მიღწევისა და ქალთა ემანსიპაციის აუცილებლობას. 

"ხმა ქართველი ქალისა"  მრავლფეროვანი იყო თავისი შინაარსით. გარდა პუბლიცისტიკისა, გაზეთში იბეჭდებოდა მხატვრული ტექსტები და თარგმანები, რომლებიც ეხმაურეობოდა ქალთა მდგომარეობას. აქ ნახავდით სხვადასხვა რუბრიკას და განყოფილებას, მათ შორის, ახალ ამბებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მიღებულ წერილებს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიქელაძის ფემინისტურ პუბლიცისტიკას. "ხმა ქართველი ქალისა" დღესდღეობით ერთადერთი შემორჩენილი წყაროა, სადაც მიქელაძის ფემინისტური ნააზრევის გაცნობა შეიძლება. 

გაზეთის რედაქციის მისამართი პუშკინის ქუჩა, #12 იყო. პუშკინის ქუჩა ქუთაისში დღესაც იგივე ადგილას მდებარეობს. ფოტოზე თქვენ ამ ქუჩას და სახლს ხედავთ, სადაც რედაქცია იყო განთავსებული. 

ფოტო: © ლიკა ლეჟავა

მთლიანობაში გაზეთის 50 ნომერი გამოვიდა. 1917 წელს - 32, 1918 წელს კი -18. "ხმა ქართველი ქალისა" შემოწირულობებზე არსებობდა. ზოგადმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კონტექსტმა ქვეყანაში, ასევე ქალთა აქტივიზმის ბევრმა დამაბრკოლებელმა მიზეზმა მის არსებობაზეც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ კატო მიქელაძე იმდევონებდა გაზეთის აღდგენას, მისი ბოლო ნომერი 1918 წლის ნოემბერში გამოვიდა. 

 გთავაზობთ ერთ-ერთ სტატიას გაზეთიდან "ხმა ქართველი ქალისა"

გაუმარჯოს სულით დემოკრატს! 


ის, ვინც აცხადებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებულია ბუნებრივათ ერთნაირი უფლებით, რომ ყველა უნდა სარგებლობდებს პიროვნულად თავისუფლებით და მოქალაქეობრივათ სწორუფლებიანობით და ამ განცხადებაში არ გულისხმობს ორთავე სქესს, ის – დამრღვევია დემოკრატიული პრინციპისა.

ის, ვინც ფიქრობს, რომ მოქალაქური უფლების ღირსი მხოლოდ ერთი მამრობით სქესია, რომელიც უნდა იქმნეს ერთადერთი გამგე საზოგადო კანონმდებლობისა და წესწყობილებისა, ის არასოდეს არ იქნება და არც ჩაითვლება ხალხის მეგობრად. ასეთი დემოკრატი  ვერ იქნება ვერც განამატკიცებელი დემოკრატიული სახელმიწფოს მართვა–გამგეობისა და ვერც დამცველი სამართლიანობისა და თანასწორობისა.

დემოკრატს ჩვენ ვეძახით მხოლოდ მას, ვინც იცავს ადამიანის პიროვნებას, ქალია ის თუ კაცი, ყოველგვარი ძალმომრეობისგან, ვინაც იბრძვის ხალხის კეთილდღეობისათვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს არავითარ კაცისაგან კაცის ჩაგვრას იმ საზოგადოებაში, რომელსაც ის ემსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინაც ხალხის სახელით სამართლიანობას გაყივის და გულში კი სქესური პრივილეგიის დამცველია, ასეთი მყვირალა დემოკრატიის მიზანია, დამრაცხებული ბატონების ადგილი დაიჭიროს თავისდა გასაბატონებლად.

ჩვენ არ გავშინებს ქალთა უფლების მტერთა ფიზიკური ძალა, რადგან მუშტის ღონე შეერთებული დედაკაცების დიად ზნეობრივ ძალასთან ისეთ საბრალოდ მიგვაჩნია, რომ ლაპრაკიც არ ღირს. ჩვენ ვეძახით დემოკრატს  იმას, ვინც ორთავე სქესის ღირსეულ ადამიანურ ცხოვრებისთვისაც იბრძვის. ასეთი დემოკრატი ჩვენი ძმა და მეგობარია და მათთან ერთად ჩვენ შევსძლებთ იმ დემოკრატიული მინდვრის განწმენდას, რომლზედაც ამდენი ქალთა უფლების მტერნი აღმოცენდა.

გაუმარჯოს სულით დემოკრატს!


წყაროები: 

თამთა მელაშვილი, "კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები", ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, 2013.

"ხმა ქართველი ქალისა" , 1917 #4

გოგი კოპალიანი, "ქუთაისის ქუჩები, ცნობარი", შპს "ენციკლოპედია ქუთაისი" 2010.