Monday, September 29, 2014

ადგილები, ისტორიები - გორის ქალთა საზოგადოება "მანდილოსანი"

ქალთა საზოგადოება „მანდილოსანი“ გორში 1913 წელს დაარსდა. საზოგადოების დამაარსებლებს შორის ცნობილი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ფემინისტი ანასტასია ერისთავი-ხოშტარიაც (1868-1951) იყო. ანასტასია შემდგომში საზოგადოების მმართველი გახდა. 

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
© ეროვნული ბიბილიოთეკა 


„მანდილოსანს“ კარგად ჩამოყალიბებული, თანასწორობასა და  ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებული  წესდება ჰქონდა. წესდების მეორე მუხლში ვკითხულობთ: „მანდილოსანის“ მოქმედება: 1) მოაწყოს სათანადო ნებართვისამებრ განმანათლებელი ხასიათის დაწესებულებანი: სკოლები, საბავშვო ბაღები, კურსები, წიგნთ-საცავები, სამკითხველოები, წიგნების გამოცემა და სხვ.. ა) გამართოს მოქმედ კანონების დადგენილ წესისამებრ ლექციები, რეფერატები და საზოგადო კითხვები, ბ) შეძლებისდაგვარად აძლიოს ფულით შემწეობა გ) გახსნას სხვადასხვა სახელოსნოები და დ) დააფუძნოს განსაკუთრებულ ნებართვის აღებით  საურთიერთო დამხმარე კასები, თავშესაფრები, საავადმყოფოები და სხვ“. 

იმ დროის ქართველი ფემინისტი და აქტივისტი ნინო ტყეშელაშვილი თავის მოგონებაში საზოგადოება „მანდილოსნის“ შესახებ იხსენებს: „მათ გახსნეს უფასო შკოლა, სადაც უფასოთ ასწავლიდნენ და ამავე დროს უფასოთ აძლევდნენ სასწავლო ნივთებს და ტანისამოსსაც. ამ სკოლაში სამოცზე მეტი ბავშვი იყო. ამ სკოლის გარდა გახსნეს საკვირაო შკოლა, სადაც უფასოთ სწავლობდენ წერა-კითხვას, თან აქ ღარიბების თავშესაფარი იყო. თუ რომელიმე მოწაფე რამეს აკეთებდა ამ დაწესებულებისთვის, მას თვიური ჯამაგირი ეძლეოდა. ამ დაწესებულების ხარჯის დასაფრად გახსნეს საჩაიე და სასადილო და პატარა კოხტა კოოპერატიული მაღაზია. საზოგადოების მაღალმა მიზანმა ხალხი მიიზიდა - საჩაიე, სასადილო და კოოპერატივი სულ სავსე იყო მუშტრებით.“ 

განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ „მანდილოსანი“ იყო ქალთა პირველი სოციალური საწარმო საქართველოს ისტორიაში. საჩაიედან და საკონდიტროდან შემოსული მოგებით „მანდილოსანი“  საქველმოქმედო აქტივობებს აფინანსებდა. „მანდილოსანს“ თავისი ფილიალები ჰქონდა სურამსა და მეჯვრისხევში.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ გაბსაჭოებამდე - 1921 წლამდე იარსება ისევე, როგორც ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას სამწერლო, თუ საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია ერთ-ერთი მათაგნი იყო, ვინც ქართულ ლიტერატურაში რომანის ჟანრის დამკვიდრებას  და ქალთა პრობლემატიკის წინ წამოწევას შეუწყო ხელი. 

საზოგადოება "მანდილოსნის" საჩაიე გორში სამეფოს ქუჩაზე მდებარეობდა. სამეფოს ქუჩა დღესაც იგივე სახელწოდებით არსებობს. მანამდე იგი ლენინის, ხოლო მოგვიანებით ერთობის ქუჩის სახელით იყო ცნობილი. 

გორი, სამეფოს ქუჩა დღეს
© ლიკა ლეჟავა 

წყაროები:
1.ნინო ტყეშელაშვილი „ჩემი მოგონება ანასტასია ერისთავი-ხოშტარიაზე“  საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის არქივი #13-195:6.
2. ინტერვიუ ელდარ მამისთვალიშვილთან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თებერვალი, 2014 წ. 

Sunday, September 14, 2014

ადგილები, ისტორიები - სამტრედიის ქალთა კავშირი

სამტრედიის ქალთა კავშირი პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ინიციატივა იყო ქართული ფემინიზმის ისტორიაში. კავშირს 1917 წლის ზაფხულში ჩაეყარა საფუძველი. გაერთიანებაში სხვადასხვა წრისა და სოციალური სტატუსის ქალებმა მოიყარეს თავი „სპეციალური დედაკაცური ინტერესის დასაცავად.“  ეს უპარტიო ორგანიზაცია იყო, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. კავშირს დაარსებისთანავე  ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ მის ხანმოკლე არსებობას მაინც მოჰყვა მნიშვნელოვანი შედეგები.

სამტრედიის ქალთა კავშირი აქტიურად მოუწოდებდა ქალებს გაერთიანებისა და თანამშომრლობისკენ: „მამაკაცების გულგრილობამ ქალთა საკითხებისადმი და დედაკაცების სპეციალურმა გაჭირვებამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ორგანიზაციულად შეერთება,“ კრიტიკული იყო იმ ქალების მიმართ, რომლებიც სოლიდარობას არ გამოხატავდნენ თანაწორობისთვის მებრძოლი აქტივისტებისადმი: 
„იყავით, ქალბატონებო, თქვენთვის, განაგრძეთ თქვენი პირადი ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ ისეც მოიგონეთ, რომ ყველა ქალი თქვენებრ ბედნიერ ვარსკვლავზე არ იბადებიან და არიან სასტიკათ დაჩაგრულნი, მრავალ უსამართლოებისა და ძალმომრეობის გამოვლილნი“ წერდა გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ „სამტრედიელი ქალი“. „სამტრედიელი ქალი“ ერთ-ერთი აქტივისტის ფსევდონიმი იყო. სამწუხაროდ, მისი ვინაობა, როგორც კავშირის სხვა წევრებისა, უცნობია.  

ქალთა კავშირმა 1917 წლის ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები გააპოსტესტა, სადაც მხოლოდ მამაკაცები იყვნენ წარმოდგენილნი. "სამტრედიელი ქალის" აღშფოთება ასე ჟღერდა: „მიკვირს, ღმერთმანი, ასეთი დაცინვა რად დავიმსახურეთ ქალებმა! იმ ჯგუფში, სადაც 26 მამაკაცი ამორჩეულია, ნუთუ ერთი ქალი არ უნდა გაერიათ?.. გვიყიჟინებენ ცოდნაა საჭირო, მუშაობა, პრაკტიკაო. უმუშევრად პრაკტიკა?.. ერთი ეს მიბრძანეთ, მამაკაცებო, თქვენ სწავლულნი დაიბადეთ? თუ სად შეიძინეთ ეგ პრაკტიკა, რომელზედაც ჩვენ გვიყიჟინებთ, იქნება თქვენ მეორე ნაბიჯის გადადგმა უპირველოდ იცით?" 

სამტრედიის ქალთა კავშირის შესახებ ჩემს მიერ მოკვლეული ჯერჯერობით ერთადერთი წყარო გაზეთი „ხმა ქართველი ქალისაა,“ რომელთანაც, როგორც აღინიშნა, აქტიურად თანამშრომლობდნენ კავშირის წევრები.  საქართველოს მასშტაბით გაზეთის გავრცელების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ  სამტრედია იყო.  

განცხადება გაზეთში "ხმა ქართველი ქალისა", 1917 წელი

თითქმის საუკუნის შემდეგ მაშინდელი ფოსტა-ტელეგრაფის ადგილმდებარეობის პოვნა, საიდანაც გაზეთი ვრცელდებოდა, გაჭირდა. ფოტოზე საბჭოთა კავშირის დროინდელი ფოსტა-ტელეგრაფის შენობაა აღბეჭდილი,  თუმცა, სავარაუდოდ, მაშინდელი ფოსტა ამ, ან მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა - როგორც წესი, რკინიგზის სადგურის მახლობლად.

ფოსტა-ტელეგრაფის შენობა დღეს
© ლიკა ლეჟავა 

წყარო:
„ხმა ქართველი ქალისა“, #8, #9, #22, 1917 წ. 

Tuesday, September 9, 2014

ადგილები, ისტორიები - ხონის ქალთა წრე

თბილისთან და ქუთაისთან ერთად მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს პატარა ქალაქებშიც იკიდებდა ფეხს ქალთა აქტივიზმი. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული ხონის ქალთა წრე გახლდათ.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ხონში ქალთა ინიციატივით გოგონებისთვის ოთხკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა. საგანმანათლებლო ასპარეზზე განსაკუთრებით აქტიურობდა სოფიო წულუკიძე, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით სამკითხველო დაარსა. ის სხვა ქალებთან ერთად, რომელთა სახელებიც, სამწუხაროდ, ისტორიას აღარ შემორჩა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალაქის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. 

მე-20 საუკუნის დასაწყისში ხონში ქალ აქტივისტთა რიცხვი გაიზარდა. 1903 წლიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ეკატერინე ბახტაძე, რომელიც ქალთა წრის თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორც ჩანს,  ქალთა წრე აქ მე-19 საუკუნის ბოლოდან უკვე არსებობდა. ხონის ქალთა წრე საქმიანობის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და გამორჩეულად ფემინისტური ღირებულებები გააჩნდა: იგი ემსახურებოდა ქალთა ემანსიპაციას, მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე ქალთა წახალისებას. წრე ასამადე ქალს აერთიანებდა. 

ეკატერინე ბახტაძე
© "საქართველოს ქალი", 1979, #7

ქალთა წრის ინიციატივით ხონში მრავალი საჯარო ლექცია და საგანმანათლებლო ღონისძიება ტარდებოდა. ლექცია საუბრები შეეხებოდა ქალთა საერთაშორისო მოძრობას, პოლიტიკურ და სოციალურ, ლიტერატურისა და ხელოვნების, ჰიგიენის საკითხებს.  ხონის ქალთა წრემ საჯარო ლექციების ჩასატარებლად 1911 წელს ცნობილი ფემინისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე  ეკატერინე გაბაშვილი, მოგვიანებით კი ასევე ცნობილი ფემინისტი და აქტივისტი კატო მიქელაძე მიიწვია.

ხონის ქალთა წრე აქტიურად იყო ჩართული ფილანტროპიულ საქმიანობაში. ქალთა წრის ინიციატივით ხონის ბაღში ხშირად იმართებოდა სახალხო სეირნობები მრავალგვარი გასართობით. ბაღში შესასვლელი ბილეთები ფასიანი იყო, მოგროვებული თანხა კი მთლიანად ქვემლმოქმედებას ხმარდებოდა.

ხონის ბაღის შესასვლელი დღეს
© ლიკა ლეჟავა

ხონის ქალთა წრემ საქართველოს გასაბჭოებამდე იარსება. 

წყარო:
"საქართველოს ქალი", 1979, #7

ადგილები, ისტორიები - გვირილობა

„გვირილობა“  მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისელი ქალების მიერ წამოწყებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო. ერთი ვერსიით ეს ფილანთროპიული აქცია ახალგაზრდა, უცნობმა გიმნაზისტკამ წამოიწყო. აქციამ პოპულარობა მალე მოიპოვა და ფართო ხასიათი მიიღო.
ქუთაისელი გიმნაზისტკები
© უცნობი ქუთაისი
"გვირილობა" 1909-1919 წლებში მაისში ტარდებოდა და რამდენიმე დღე გრძელდებოდა. დღესასწაულზე ქალები გვირილებით სავსე კალათებით სეირნობდნენ ბულვარში და თანხას აგროვებდნენ.  ქველმოქმედებს კი გაღებული შემოწირულობის აღსანიშნავად გულზე გვირილას ქინძისთავით აბნევდნენ. აქედან წარმოიშვა დღესასწაულის სახელწოდებაც. 
გვირილობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, წერეთლისა და პუშკინის ქუჩების კვეთა, ქუთაისი
© უცნობი ქუთაისი
"გვირილობისას" შეგროვებული თანხა ძირითადად ტუბერკულიოზით დაავადებულებებს ხმარდებოდა. 2008 წელს ქუთაისის მერიამ აღადგინა გვირილობა. ის 2 მაისს აღინიშნება. მას მოიხსენებენ, როგორც ორმაისობის, ან ქუთაისობის დღესასწაულს. დღეს, სამწუხაროდ, „გვირილობა“ ნაკლებად ატარებს საქველმოქმედო ხასიათს. 

წერეთლისა და პუშკინის ქუჩების კვეთა დღეს, ქუთაისი
 © ლიკა ლეჟავა
წყაროები: 
უცნობი ქუთაისი
kutaisi.gov.ge