Wednesday, October 15, 2014

ადგილები, ისტორიები - ნინო ყიფიანი ქვიშხეთში

ნინო ტატიშვილი-ყიფიანი (1867-1937) ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ქართული ფემინიზმის ისტორიაში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ერთგვარი „დაჩრდილული ამბავია და იმ კატეგორიაში ექცევა, როცა ნიჭიერი და პროფესიონალი  მამაკაცების გვერდით არანკლებად ნიჭიერი და პროფესიონალი ქალები მოღვაწეობენ, მაგრამ მათი საქმიანობა, მამაკაცებისგან განსხვავებით, ნაკლებად ცნობილი და აღიარებულია. ისტორიაც მკაცრად სელექციურია ასეთ შემთხვევებში - იმახსოვრებს კაცებს და ივიწყებს ქალებს. ნინო ყიფიანი ცნობილი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის რძალი გახლდათ. საკმაოდ ცბილი იყო მისი მეუღლეც მსახიობი კოტე ყოფიანი. 

ნინო ყიფიანი თავიდანვე დიდ  მნიშვნელობას ანიჭებდა ქალთა საზოგადოებრივ საქმიანობას. მას ეკუთვნის ვრცელი ნაშრომი „ქართველი ქალების მოღვაწეობის მიმოხილვა,“ რომელიც 1896 წელს დაწერა. მისი ღვაწლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მან ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში აჩვენა, რომ აქტივიზმს საზღვრები არ აქვს და იგი ერთნაირად მნიშვნელოვანია ქალაქსა თუ სოფელში, ცენტრსა თუ პერიფერიაში. 
ნინო ყოფიანი
© ეროვნული ბიბლიოთეკა
ნინო ყოფიანის ინიცაიტივით დაარსდა ქვიშხეთში პირველი სკოლა და ბიბილიოთეკა,  მისი თაოსნობით გაიმართა უამრავი უფასო სახალხო წარმოდგენა ქვიშხეთში, ხაშურში, სურამსა და ბორჯომში ნინოსვე მიერ შექმნილივე დასით, რომელსაც „ქვიშხეთის ტრუპის“ სახელით იყო ცნობილი.  მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ მაშინდელ სახალხო წარმოდგენებს საგანმანათლებლო მიზანიც ჰქონდათ. ნინომ გახსნა არაერთი უფასო სკოლა, სადაც უღარიბესი ბავშვები სწავლობდნენ. 1914 წელს მან ეკატერინე გაბაშვილთან, დომინიკა ერისთავ-განდეგილთან და ანასტასია თუმანიშვილთან ერთად ომოგზაურა აჭარაში, სადაც ქართველი მაჰმადიანი ქალების ცხოვრება დაწვრილებით აღწერა და ბრძოლა წამოიწყო მათი განათლების უფლების მოპოვებისთვის. გასაბჭოების შემდეგ ნინოს საზოგადოებრივი საქმიანობა შეწყდა, ის ქვიშხეთში დასახლდა და მარტო უვლიდა იქაურობას, სადაც 1937 წელს გარდაიცვალა. 

1923 წელს  ნინომ სახლი ახლად დაარსებულ მწერალთა კავშრის გადასცა. ყიფიანების სახლი საბჭოთა პერიოდში მწერალთა დასასვნებელ აგარაკი იყო. ახლა იქ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმია. ეს ულამაზესი ადგილი დღეს თითქმის განადგურების პირასაა მისული. 


ყიფიანების სახლი დღეს
© ლიკა ლეჟავა
ნინოს გარდა ქვიშხეთთან და ყიფიანებთან კიდევ არაერთი არაჩვეულებრივი ქალია კავშრიში. მათ შორის:
ნინო (ნინუცა) ყიფიანი (1877-1920იანი წლები) - პირველი იურისტი ქალი რუსეთის იმპერიიდან, რომელმაც ბრიუსელში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ის აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში.
ბარბარე ყიფიანი (1879-1965)-ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი, ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, შემდგომში ლექტორი და საუნივერსიტეტო ჟურნალის Revue Psychologie  სწავლული მდივანი.
ელენე ყიფიანი (1855-1890)-საზოგადო მოღვაწე, მთარგმენლი, გამომცემელი და მსახიობი, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ლიტერატორ ქალთა წრე ქუთაისში, გამოსცა თარგმანთა კრებული და დაარსა ალმანახი „ქართული ბიბილიოთეკა.“

წყაროები: 
ქალები წარსულიდან, მედიის განვითარების ფონდი, 2013. 
ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში, ლელა ხომერიკი, მანანა ჯავახიშვილი, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", 2005. 

No comments:

Post a Comment