Thursday, April 3, 2014

ადგილები, ისტორიები - ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბი


დღეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ბევრი საუბრობს და მუშაობს ამ თემაზე,  თუმცა ცოტამ თუ იცის იმ ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენთან ქალთა პოლიტიკური გააქტიურების აუცილებლობაზე ფიქრი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ კი კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. 

ეს ქუთაისში მოხდა. ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბი 1917 წელს დაარსდა კატო მიქელაძის თაოსნობით. მისი დაარსებიდან მალევე, მიქელაძის რედაქტორობით ფემინისტური გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა"  გამოიცა.

კატო მიქელაძე
© ლიტერატურის მუზეუმი 
კატო მიქელაძე და სხვა ფემინისტები 
1917 წლის რევოლუციას და შემდგომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დიდი იმედებით შეხვდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ იმდროინდელი პოლიტიკური კონტექსტი ძალიან უწყობდა ხელს ქალთა პოლიტიკური მოთხოვნების წინ წამოწევას. კატო მიქელაძის აზრით საქართველოს გათავისუფლებასთან ერთად ქართველი ქალის გათავისუფლებაც უნდა მომხდარიყო, ქალებს  პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსასვლელად კი მეტი საშუალება უნდა მისცემოდათ.  ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბი  მოგვიანებით ქალთა ინტერპარტიულ ლიგად გადაკეთდა. იგი ერთგვარ "საამქროდ" უნდა ქცეულიყო, რომელიც ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად გზას გაუხსნიდა და პოლიტიკური კარიერისთვის მოამზადებდა. პოლიტიკურ კლუბს და ინტერპარტიულ ლიგას ჰქონდათ პროგრამები, რომელიც სხვა არაფერია თუ არა 100 წლის წინ დაწერილი გენდერული თანასწორობის კანონი. ამ პროგრამების მიხედვით ქალისა და კაცის "სწორუფლიანობა" ახალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველი უნდა ყოფილიყო. 

პოლიტიკური კლუბი მოითხოვდა კანონით განმტკიცებულ და დაცულ თანასწორობას, პირობების შექმნას და ქალებისთვის ხელშეწყობას მოეპოვებინათ ერთ-ერთი უმთავრესი უფლება: აერჩიათ და თავად ყოფილიყვნენ არჩეული. ქალთა პოლიტიკურ კლუბს კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა დამფუძნებელი კრებისადმი განათლების, ანაზღაურების, მემკვიდრეობის, პოლიტიკური მონაწილეობის თანაბარი ხელმისაწვოდმობის შესახებ. ასი წლის შემდეგ საქართველოში ეს მოთხოვნები კვლავაც აქტუალურია. 

ინტერპარტიული ქალთა ლიგის პროგრამის პირველი გვერდი
© ლიტერატურის მუზეუმი

ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიურო კვირაში ერთხელ მართავდა შეკრებებს. შეკრებების შესახებ ინფორმაცია გაზეთის საშუალებით "ხმა ქართველი ქალისა" ვრცელდებოდა. აქ თითქმის ყველა ნომერში ნახავთ განაცხადს კლუბის ბიუროს და წევრების შეკრებების შესახებ. ბიურო მაშინდელი თბილისის ქუჩაზე, სასტუმრო "იმპერიალის" გვერდით მდებარეობდა. თბილისის ქუჩას ახლა თამარ მეფის ქუჩა ჰქვია, სასტუმრო "იმპერიალის" შენობა ისევ დგას, თუმცა მის გვერდით არსებული შენობა, სადაც შეკრებები იმართებოდა აღარ არსებობს. 

ყოფილი სასტუმრო "იმპერიალი"
© ლიკა ლეჟავა

ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბი და ქუთაისის ინტერპარტიული ლიგა 
ქალთა პირველი პოლიტიკური ინიციატივა იყო საქართველოს ისტორიაში.  ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გაესვას იმას, რომ ეს ინიციატივა თავად ქალებისგან და მათი ფემინისტი ლიდერისგან - კატო მიქელაძისგან მოდიოდა. არაა გასაკვირი, რომ ამ ინიციატივას ბევრი დაბრკოლება შეხვდა, რომელთა გადასალახავად  ქალებს მობილიზება, გაერთიანება სჭირდებოდათ. გაერთიანების აუცილებლობა კლუბის წევრებს კარგად ესმოდათ. 

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა კლუბები არ ყოფილა დღეგრძელი მაშინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის სიმყიფის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ქალთა პოლიტიკური ინიციატივების ისტორიას საქართველოში, ვიცოდეთ როგორ იბრძოდნენ გასულ სუკუნეში თანასწორობის მისაღწევად.  


ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბის პროგრამა


1) ვღებულობთ რა მხედველობაში დედრობითი სქესის უუფლებო მდგომაროებით გამოწვეულს დამღუპველ მოვლენას, როგორც ოჯახისთვის, ისე საზოგადოებისთვის და მოდგმისათვის, ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბი თავის მიზნათ ისახავს ორთავე სქესის პიროვნულად სრულს გათანასწორებას კანონისა და სამართლის წინაშე. ქალთა პოლიტიკური და მოქალაქური უფლების აღსადგენათ და ამ უფლების პრაქტიკულ ცხოვრებაში გასატარებლათ ქუთაისის ქალთა კლუბი უკეთეს საშვალებათ რიცხავს თანამოაზრეთა ორაგნიზაციულ შეერთებას.

2) ქალი არის ისეთივე გონიერი და გრძნობიერი არსება, როგორც მამაკაცი და უნდა სარგებლობდეს ადამიანის სრული უფლებითაც.

3) ვღებულობთ რა მხედველობაში, დღევანდელს ისტორიული მომენტის სიდიადეს, ჩვენ რევოლუციონერ პარტიებთან ერთად მხარს ვუჭერთ ისეთს პოლიტიკური წეს-წყობილების ფორმას, რომელიც უფრო მეტად უზრუნევლსა ჰყოფს ადამიანის პიროვნულს თავისუფლებასა და მის მოქალაქობრივ უფლებას. ისეთი მმართველობის ფორმათ კი მიგვაჩნია მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკა. ამისთვის დამფუძნებელ კრების არჩევნებში ჩვენ მთელი ენერგიით მოვითხოვთ დაცვას და განმტკიცებას დემოკრატიული რესპუბლიკის  მმართველობისას საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და დაფარული კენჭის ყრის უფლებით განურჩევლად სქესისა.

4) თითეული ნორმალური სრული წლოვანი ადამიანი მცხოვრები რომელიმე სახელმწიფოში ხანგრძილვათ, რომლიდანაც მოითხოვენ კანონის წინაშე მორჩილებას, უნდა სარგებლობდეს ხმის უფლებით.

5) მოვითხოვთ, რომ ქალებს მიენიჭოს იგივე ხმა არჩევნებში და იყოს არჩეული ისევე, როგორც საკანონმდებლო კრებაზე, ისე პროვინციალურ და სათემო მმართველობაში, როგორც ყოველივე მოქალაქე მამაკაცი, რომელიც რაიმე ბოროტ მოქმედებისთვის, ან სნეულებით არ არის უფლება აყრილი.

6) მოვითხოვთ, რომ თითეულმა არსებულმა პარტიამ, რომლებიც გამოდიან სამართლიანობას, თანასწორობის და პროგრესის დამცევლად თავის დროშაზე დააწეროს “თანასწორობა წინაშე სამართლისა განურჩევლად სქესთა” და დაიცვას ასეთი თანასწორობა ისეთივე სურვილითა და ენერგიით, როგორც სხვა რომელიმე მათ მიერ წამოყენებული საჭირო მოთხოვნილება.

7) მოვითხოვთ ყველა იმ პარტიებიდან, რომლებიც აღიარებენ არჩევანთა უფლებას განურჩევლად სქესთა, რომ თითეული მათგანის საარჩევნო სიაში შეტანილი იყოს თავიანთ პარტიულ ამხანაგ მამაკაცის სახელთან ერთად ამხანაგ ქალის სახელიც.

8) მოვითხოვთ მომავალ დამფუძნებელ კრებაზე კონსტიტუციის შემუშავებაში ქალებიც ღებულობდენ მამკაცებთან თანასწორ მონაწილეობას.

9) ვღებულობთ რა მხედველობაში, რომ ყოველივე საპატიო და სასარგებლო თანამდებობის მიღების იმედი არის საუკეთესო სტიმული ადამიანის განმანათლებელ გზაზე დადგომისა, რადგან შეუძლებელია ცოდნის წყურვილის აღძრა და შეძენილი ცოდნის გამოყენება, თუ რომ ადამიანს არა აქვს სრული უფლება მისი მოხმარებისა, მოვითხოვთ თითეული ქალ-ვაჟის თანაბრათ ხელის მიწდომას ყოველგვარი სამოქალაქო და ოფიციალურ თანამდებობაზე, შესაფერად მათი მომზადებისა.

10) ვღებულობთ რა მხედველობაში აშკარა უსამართლობას, რომელსაც იწვევს სქესთა პიროვნული უთანასწორობა კანონისა და სამართლის წინაშე, მოვითხოვთ ხელახლა გადახედვას როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სასამართლო კანონებისას და გაუქმებას მამრობითი სქესის პრივილეგიისას და სქესთა სასჯელის სხვადასხვაობას ერთსა და იმავე დანაშაულზე.

11) ვღებულობთ რა მხედველობაში პროსტიტუციის საშინელს გავლენას ოჯახისა და საზოგადოებისთვის, რომელსაც მიჰყავს ერი და კაცობრიობა გადაგავრებამდე, მოვითხოვთ ამ სამარცხვინო ინტიტუტის რეგლამენტაციის გაუქმებას.

12) ვღებულობთ რა მხედველობაში ერთი სქესის გარყვნილი ცხოვრების უპასუხისმგებლობის სიავეს, როცა მეორე სქესს ასეთი ცხოვრებისათვის უსასტიკეს პირობში აყენებენ, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ პროსტიტუტ ქალთა ძალდატანებითი შემოწმების მოსპობას.

13) მოვითხოვთ, რომ გაუქმებული იყოს მემკვიდრეობითი პრივილეგია, რომ ქალსა და ვაჟს ერთნაირი წილი ედვას მემკვიდრეობით ქონებაზე.

14) მოვითხოვთ ცოლ-ქმართა თანასწორ უფლებას შვილებზე და თავიანთ შინაურ ცხოვრებაზე.

15)  მოვითხოვთ ერთნაირ აღზრდა-განათლებას ორთავე სქესისათვის, როგორც დაწყებით სკოლებში, ისე საშვალო და უმაღლეს სასწავლებლებში.

16) მოვითხვოთ თანასწორ ხელფასსა და ჯამაგირს ორთავე სქესისათვის ერთსა და იმავე შრომაში და თანასწორ მონაწილეობას სარგებელში და ჯილდოში ყოველგვარ საწარმოო საქმეში.

17) მოვითხოვთ თანასწორ მონაწილეობას ადმინისტრაციაში და კანონმდებლობაში, როგორც სამუნიციპალიტეტო, ისე სახელმწიფო და საერო მმართველობაში საკნონმდებლო კრებებით, სასამართლოებითა და აღამასრულებელი თანამდებობით. მოვუწოდებთ რა ერთობისაკენ ქალებს, განურჩევლად ეროვნებისა, ეკონომიური კატეგორიისა და პარტიულ მიმართულებისა, თავიანთი სპეციალური დედაკაცის ინტერესის დასაცველად და მათი ადამიანური უფლების აღსადგენათ, ჩვენ არ ვივიწყებთ მნიშვნელობას კლასთა ბრძოლისასაც, როგორც უკანასკნელის არსებობამ არ უნდა დაგვავიწყოს უფლებრივი ბრძოლა სქესთა შორის არსებული.


წყაროები:
1."ხმა ქართველი ქალისა", 1917 #6
2.ამიერკავკასიის სეიმის მიმართ დეკლარაცია ქუთაისის ინტერპარტიულ ქალთა სწორუფლიანობის ლიგისა, 1918 წელი. ლიტერატურის მუზეუმის არქივი # 8404.
3. თამთა მელაშვილი, "კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები", ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, 2013.
4. გოგი კოპალიანი, "ქუთაისის ქუჩები, ცნობარი," ენციკლოპედია ქუთაისი, 2010
5. ინტევრიუ (28.02.2014) მერაბ კეზევაძესთან, ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი.


Monday, March 31, 2014

ადგილები, ისტორიები - ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში

ეს ბლოგი ქალთა ფონდის საქართველოში მხარდაჭერით შეიქმნა პროექტის ფარგლებში "ადგილები, ისტორიები - ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში". 

ბლოგის საშუალებით გვსურს გაგაცნოთ ქალთა საზოგადოებრივი მოღვაწეობის ისტორია, მოგიყვეთ იმ არაჩვეულებრივ ადამიანებზე, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ქალთა ემანსიპაციისთვის ბრძოლაში. ეს ქალები საბჭოთა ისტორიოგრაფიამ მიზანმიმართულად უარყო და დაივიწყა. ჩვენი მიზანი კი სწორედ საბჭოთა წარსულის "მტვრისაგან" გათავისუფლებაა.

გვინდოდა მკითხველისთვის ორიგინალური ფორმით მოგვეთხრო ეს ისტორიები. ამისთვის, შევქმენით 20 ფოტო-ისტორია. ეს ფოტო-ისტორიები ასახავს იმ საჯარო სივრცეებს, სადაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ფემინისტურ ინტერვენციას. ჩვენი მიზანი იყო  " მოგვენიშნა" ეს ადგილები,  რომელიც არასოდეს ყოფილა მემორიალური მეხსიერების ნაწილი, მითუმეტეს ქალთა აქტივიზმის კუთხით. ფოტო-ისტორიები ჩვენი პატარა მცდელობაა შევეჭიდოთ პატრიარქალურ ისტორიოგრაფიასა და ინსტიტუციონალიზებულ მეხსიერებას, რომელიც, როგორც წესი, უსამართლოდ არჩევს - რა უნდა გვახსოვდეს და რა არა. 

ფოტო-ისტორიებში თქვენ შეხვდებით თქვენთვის უცნობ და ნაცნობ ადგილებს, მაგრამ წაიკითხავთ  უცნობ ისტორიებს, როგორც ცალკეული ქალების, ასევე ქალთა ჯგუფების არაჩვეულებრივი ინიციატივების შესახებ. "ადგილებზე და ისტორიებზე" მკვლევარმა თამთა მელაშვილმა და ფოტოგრაფმა ლიკა ლეჟავამ ვიმუშავეთ. 

ისტორიების თხრობას კი ქუთაისიდან დავიწყებთ. 

ქუთაისი, კატო მიქელაძე, "ხმა ქართველი ქალისა" 


კატო მიქელაძე
ფოტო: © ლიტერატურის მუზეუმი
კატო მიქელაძე (1878-1942) თავისი მსოფლმხედველობითა და საზოგადოებრივი საქმიანობით ყველაზე გამორჩეული ფემინისტია საქართველოს ისტორიაში. მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწე ქალებისგან განსხვავებით მიქელაძე მხოლოდ საგანმანათლებლო მოძრაობაზე არ ყოფილა ორიენტირებული, ის სუფრაჟისტულ ბრძოლას და ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებას განსაკუთრებით უჭერდა მხარს. 

კატო მიქელაძემ საქართველოს ისტორიაში პირველი და ერთადერთი ფემინისტური გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა" დაარსა, რომელიც ქუთაისში 1917-1918 წლებში გამოდიოდა. ყოველკვირეული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა" აქტიურად ეხმაურებოდა მიმდინარე მოვლენებს, თანმიმდევრულად და მკაცრად კრიტიკული იყო ძალაუფლებრივი ინსიტიტუციებისადმი, აღიარებდა "სწორუფლიანობის" მიღწევისა და ქალთა ემანსიპაციის აუცილებლობას. 

"ხმა ქართველი ქალისა"  მრავლფეროვანი იყო თავისი შინაარსით. გარდა პუბლიცისტიკისა, გაზეთში იბეჭდებოდა მხატვრული ტექსტები და თარგმანები, რომლებიც ეხმაურეობოდა ქალთა მდგომარეობას. აქ ნახავდით სხვადასხვა რუბრიკას და განყოფილებას, მათ შორის, ახალ ამბებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მიღებულ წერილებს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიქელაძის ფემინისტურ პუბლიცისტიკას. "ხმა ქართველი ქალისა" დღესდღეობით ერთადერთი შემორჩენილი წყაროა, სადაც მიქელაძის ფემინისტური ნააზრევის გაცნობა შეიძლება. 

გაზეთის რედაქციის მისამართი პუშკინის ქუჩა, #12 იყო. პუშკინის ქუჩა ქუთაისში დღესაც იგივე ადგილას მდებარეობს. ფოტოზე თქვენ ამ ქუჩას და სახლს ხედავთ, სადაც რედაქცია იყო განთავსებული. 

ფოტო: © ლიკა ლეჟავა

მთლიანობაში გაზეთის 50 ნომერი გამოვიდა. 1917 წელს - 32, 1918 წელს კი -18. "ხმა ქართველი ქალისა" შემოწირულობებზე არსებობდა. ზოგადმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კონტექსტმა ქვეყანაში, ასევე ქალთა აქტივიზმის ბევრმა დამაბრკოლებელმა მიზეზმა მის არსებობაზეც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ კატო მიქელაძე იმდევონებდა გაზეთის აღდგენას, მისი ბოლო ნომერი 1918 წლის ნოემბერში გამოვიდა. 

 გთავაზობთ ერთ-ერთ სტატიას გაზეთიდან "ხმა ქართველი ქალისა"

გაუმარჯოს სულით დემოკრატს! 


ის, ვინც აცხადებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებულია ბუნებრივათ ერთნაირი უფლებით, რომ ყველა უნდა სარგებლობდებს პიროვნულად თავისუფლებით და მოქალაქეობრივათ სწორუფლებიანობით და ამ განცხადებაში არ გულისხმობს ორთავე სქესს, ის – დამრღვევია დემოკრატიული პრინციპისა.

ის, ვინც ფიქრობს, რომ მოქალაქური უფლების ღირსი მხოლოდ ერთი მამრობით სქესია, რომელიც უნდა იქმნეს ერთადერთი გამგე საზოგადო კანონმდებლობისა და წესწყობილებისა, ის არასოდეს არ იქნება და არც ჩაითვლება ხალხის მეგობრად. ასეთი დემოკრატი  ვერ იქნება ვერც განამატკიცებელი დემოკრატიული სახელმიწფოს მართვა–გამგეობისა და ვერც დამცველი სამართლიანობისა და თანასწორობისა.

დემოკრატს ჩვენ ვეძახით მხოლოდ მას, ვინც იცავს ადამიანის პიროვნებას, ქალია ის თუ კაცი, ყოველგვარი ძალმომრეობისგან, ვინაც იბრძვის ხალხის კეთილდღეობისათვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს არავითარ კაცისაგან კაცის ჩაგვრას იმ საზოგადოებაში, რომელსაც ის ემსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინაც ხალხის სახელით სამართლიანობას გაყივის და გულში კი სქესური პრივილეგიის დამცველია, ასეთი მყვირალა დემოკრატიის მიზანია, დამრაცხებული ბატონების ადგილი დაიჭიროს თავისდა გასაბატონებლად.

ჩვენ არ გავშინებს ქალთა უფლების მტერთა ფიზიკური ძალა, რადგან მუშტის ღონე შეერთებული დედაკაცების დიად ზნეობრივ ძალასთან ისეთ საბრალოდ მიგვაჩნია, რომ ლაპრაკიც არ ღირს. ჩვენ ვეძახით დემოკრატს  იმას, ვინც ორთავე სქესის ღირსეულ ადამიანურ ცხოვრებისთვისაც იბრძვის. ასეთი დემოკრატი ჩვენი ძმა და მეგობარია და მათთან ერთად ჩვენ შევსძლებთ იმ დემოკრატიული მინდვრის განწმენდას, რომლზედაც ამდენი ქალთა უფლების მტერნი აღმოცენდა.

გაუმარჯოს სულით დემოკრატს!


წყაროები: 

თამთა მელაშვილი, "კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები", ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, 2013.

"ხმა ქართველი ქალისა" , 1917 #4

გოგი კოპალიანი, "ქუთაისის ქუჩები, ცნობარი", შპს "ენციკლოპედია ქუთაისი" 2010.