Tuesday, April 8, 2014

ადგილები, ისტორიები - კატო მიქელაძის საჯარო ლექციები

ქართველი ფემინისტი და საზოგადო მოღვაწე, გაზეთის "ხმა ქართველი ქალისა" დამაარსებელი და რედაქტორი კატო მიქელაძე ხშირად მართავდა საჯარო ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

კატო მიქელაძემ 1911-1915 წლებში ბრიუსელში ისწავლა და იცხოვრა. უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ  საქართველოში დაბრუნდა. ევროპაში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე კატო ჩამოსვლისთანავე შეუდგა ფემინისტურ აქტივიზმს, ქალის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლას და თანამოაზრეების შემოკრებას.

1916 წლიდან მიქელაძე უკვე საჯარო ლექციებს კითხულობს ქუთაისში ქალთა მდგომარეობაზე. ფოტოზე თქვენ ხედავთ ქუთაისის გუბენატორის მიერ გაცემულ ნებართვას, რომელიც კატო მიქელაძეს უფლებას აძლევდა ლექციები წაეკითხა ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, სენაკში, აბაშაში, საჩხერეში, ბახმაროში, ზუგდიდში ცაგერსა და ლანჩხუთში.

© ლიტერატურის მუზეუმი 
მიქელაძის ლექციები ქალთა ემანსიპაციის საკითხებზე არნახული პოპულარობით სარგებლობდა. საკითხის ღრმა ცოდნასა და საფუძვლიან ანალიზთან ერთად, ქართველ ფემინისტს არაჩვეულებრივი ორატორული შესაძლებლობები ჰქონდა. მწერალი და საზოგადო მოღვაწე, კატო მიქელაძის თანამედროვე მარიამ გარიყული თავის მოგონებებში წერს: "ჯერ კიდევ კიდევ თებერვლის რევოლუციამდე, ერთ დღეს გავიგე
ქუთაისის თეატრში ქალების კრებააო. მაშინვე წავედი თეატრში... ჭრელი ხალხი შეკრებილიყო ყოველი წოდების, ყოველი ხარისხის, კლასის და ეროვნების ქალები
მოსულიყვნენ. აქა-იქ თუ შეამჩნევდა თვალი მამაკაცს. კრებაზე სიტყვით გამოვიდა
კატო მიქელაძე, გადაისვა ხელი უკვე შეჭაღარავებულ თმებზე, გონიერებით სავსე თვალები მიმოავლო თეატრს და აუღელვებლივ, დინჯად დაიწყო. ლაპარაკის კილოში ფრანგული აქცენტის გავლენა ეტყობოდა... ერთობ მიმზიდველი სახე ჰქონდა კატოს საუბრის დროს. იმ კრებაზე კატომ ფრიად შესანიშნავად ილაპარაკა. საუკუნეებით
იჩაგრებოდნენ ქალები, თქვა მან, ქალი მოკლებულია ბევრ იმ უფლებას, რაც მამაკაცს
აქვს მინიჭებული."

მიქელაძის არაჩვეულებრივი ორატორული ნიჭი არაერთხელ უხსენებია აკაკი წერეთელსაც. კატო წერეთელს პარიზში 1909 წელს შეხვდა, სადაც ქართველი სტუდენტების სახელით მიმართა პოეტს. სწორედ მაშინ აღფრთოვანდა წერეთელი მიქელაძით. 

საჯარო ლექციების შესახებ განცხადებები გაზეთში "ხმა ქართველი ქალისა" იბეჭდებოდა. ფოტოზე ხედავთ შენობას, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისის ქალაქის სამკითხველო გახლდათ. აქ ხშირად გამართულა მიქელაძის საჯარო ლექციები ქალთა ემანსიპაციის საკითხებზე. 

© ლიკა ლეჟავა 

აქვე გთავაზობთ კატო მიქელაძის ერთ-ერთ საჯარო სიტყვას, რომელიც გაზეთში "ხმა ქართველი ქალისა" დაიბეჭდა.


სიტყვა თქმული კატო მიქელაძის მიერ 20 მარტს ქალთა საზოგადო კრებაზე ქ. ქუთაისში



ქართველო ქალებო!

არავისათვის ძველი რეჟიმი, რომლის დანგრევას დღეს მთელი რუსეთი დღესასწაულობს ისეთი დამჩაგვრელი არ იყო, როგორც დედაკაცების და კერძოთ, ქართველი ქალებისა. ის მთელი თავისი სიტლანქით ასი წლის განმავლობაში აწვა ჩვენს სამშობლოს, რომლის სიმძიმის ქვეშ ქართველი ქალის ღირსება ისრისებოდა. მან შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში ისტორიულად უჩვეულო ზნეჩვეულებანი, რომელმაც შესცვალა უმაღლესად ზრდილი რაინდული პსიხოლოგია ქართველი მამაკაცისა. და ოდესღაც ამაყს თავისი ზენობრივი გავლენით ქართველს ცოლსა და დედას ჩაუწყვიტა ხმა, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში და უპიროვნო კეკელკათ გადაააქცია!

ქართველო ქალებო, იცოდეთ, რომ ჩვებ გვმართებს უდიდესი თავ გამოღება, დიდი მეცადინობა, რომ გავფანტოთ ის უღირსი ჩვენი ზნეობრივად დამამცირებელი, ჩვენი ადამიანური ღირსების შემლახველი უკუღმართობანი, რომელიც რუსის ბიურკორატიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა. ვის უნდა ახარებდეს მისი დამსხვრევა, როგორც ჩვენ? მოისპო მმართველობა ძალმომრეობისა! და დღეს, როცა ახალი სახელმწიფოებრივი ფორმის საზირკველი იყრება, ჩვენ თავს გვაწევს ამ დიად ისტორიულ მომენტში საშვილიშვილო ვალი, რომ მოვითხოვოთ ისეთი პირობები პოლიტიკურ ცხოვრებისა, რომელიც საშვალებას მისცესმ ჩვენს მომავალ თაობას თავიანთი ინდივიდუალური ადამიანური პიროვნების განვითარებისას.

ასეთი პირობების შექმნა საჭიროა ყველა ქართველი ქალისათვის და იმ ადამიანური უფლების მოხვეჭის გულისათვის, რომელსაც ჩვენ ყველანი მოკლებული ვართ. ნუ იქნება დღეს ჩვენ შორის ამ პოლიტიკური ცვლილების დროს ანტაგონიზმი ბურჟუა და პროლეტარი ქალებისა, რადგან ჩვენ ყველანი ერთნაირად ჩაყენებული ვართ უფლებრივათ გიჟებისა და ბავშვების მდგომარეობაში განურჩევლად ეკონომიკური კატეგორიისა. ჩვენთვის ყველასთვის მიუცილებელი საჭიროა ნორმალური სრული წლოვანი ადამიანის უფლება და ვიბრძოლოთ, დებო, ამ ერთსულოვნებით ამ უფლების მოპოვებისთვის.

დღეს თქვენა ხედავთ როგორა ერთობით, როგორი სოლიდარობით იერიში მიაქვთ საერთო მტერზე პოლიტიკურ თავისუფლების განსამტკიცებლად ლიებრალებს და სოციალისტებს. ასეთი შეერთება თუ არ არღვევს თითოეული მათგანის რწმენას, ამავე შეერთებით რად უნდა შეიცვალოს ჩვენი პარტიული სიმპატია, მიმართულებანი? უბრალო გაუგებრობაა ასეთი აზრი და ვინც თქვენ ამაში შეგნებულად გაფრთხობთ ქალია ის თუ კაცი, ის მტერია ქალთა სწორუფლებიანობისა!

დღეს ჩვენ გვყავს ახალი დროებითი მთავრობა, რომელიც პირდება ხალხს ადამიანისა და მოქალაქის უფლების აღდგენას, რომელიც იწვევს დაფუძვნებელ კრებას ახალი პოლიტიკური ცხოვრების მოსაწყობათ, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და საყოველთაო ხმის მიცემით. იქნება ის არჩვენები განურჩევლად სქესთა თუ არა, ამაზე უმაღლესი დროებითი მთავრობა არას გვეუბნება. ამას აცხადებს მხოლოდ ადგილობრივი სოციალისტური გაზეთები. ვინც იცნობს რუსეთის რევოლუციის იტორიას, მას არ შეუძლია, რა გვარი ანტიფემინისტი არ უნდა იყოს ის, იმის უარის ჰყოფა, რომ რუსის ქალებს ისეთივე ღვაწლი მიუძღვით განმათავისუფლებელ მოძრაობაში, როგორც რუსის მამაკცებს.

ძნელია იმისა წარმოდგენა, რომ ამდენი ღვაწლი რუსის ქალებისა უქმათ ჩაითვალოს. ჩვენ არ გვინდა ვიფიქროთ ეს, მაგრამ იმედთან ერთად რაღაც საეჭვო ნიშნებსაც ვხედავთ, რომლის წინააღმდე რუსის ქალები ირაზმებიან და თავიანთი უფლების აღდგენას მოითხოვენ. ვენ გვრწამს სულიერი სიძლიერე რუსის ქალებისა, რომ ისენი იაფათ არ დაუჯენენ არავის მათ მიერ გაღებულ მსხვერპლის დაუფასებლობას.

როგორ უხვდებით, ჩვენ, ქართველი ქალები, ამ უდიდეს ისტორიულ მომენტს? სამწუხაროთ, ერთობ პასიურად!  და ასეთი ჩვენი მდგომარეობა უეჭველად უნდა შეიცვალოს რომ დრევანდელი მონურ ცხოვრებიდან გამოვიდეთ. გვახსოვდეს, რომ ქართველ ქალთაც უდევთ წილი რუსეთის ხანგრძლივ რევოლიუციის სვლაში და თავისუფალ საქართველოში ისენი მონებათ ვერ დარჩებიან. მართალია, ჩვენ რუსის ქალების სიგმირე არ გამოგვიჩენია, მაგრამ არა მისთვის, რომ ჩვენში საამისო სულიერ ძალა არ მოიპოვებოდა, არამედ მისთვის, რომ საგმირო ასპარეზი თანამედროვე საქართველოში ორთავე სქესისათვის დახშული იყო. თუ ქართველს ქალს აქტიური სიგმირე არ გამოუჩენიამ სამაგიეროთ, ქართველი ქალებიც ისეთივე ინტერესით ეხმაურებოდენ განმათავისუფლებელს მოძრობას, როგორც ჩვენი მამაკაცები.

ენ ვიცნობთ ისეთს ქართველ ქალებს, რომელსაც თავისი სიცოცხლე და მთელი ოჯახის კეთილდღეობა საფრთხეში ჩაუგდიათ მისთვის და რომელნიც შემთხვევით გადარჩენილან. ჩვენ ვიცნობთ ისეთს ქალებს, რომლებმაც იგემეს ოინები ძველი მთავრობის ნესტი ციხე სიმაგრეებისა და შეიძლება ყველაზე მძიმეთ. ქართველ ქალებზე გადაიარა კონტრ-რევოლუციურმა იერიშმა, რომლის მიწამენი ჩვენ ყველანი ვართ. ეგ მსხვერპლი იმდენად დიდია და იმენად მწველი, რომ მხოლოდ არაკეთილშობილთ თუ შეუძლიათ მისი დაუფასებლობა და ფუჭათ ჩატარება. ქართველ ქალებს იმითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ, რომ ჩვენ შორის, მიუხედავათ განსაცდელისა, ერთი მოღალატე განმათავისუფლებელი მოძრაობისა არ აღმოჩენილა და მომხრეები კი მრავალი.

ჩვენ სრულიად არ ვეთანხმებით გაზეთსამშობლოში” 56-7 ნუმერში ამასწინათ გამოთმქმულს აზრს, რომ ქართველ ქალებს “6 თუმნიანი ტუფლიკანების გაფუჭების მეტი არა გაეკეთებინოთ რა.” სამწუხაროთ, ჩვენ აღზრდილი ვართ იმ ანტიფემინისტურ ატმოსფეროში, რომელიც გაამეფა ძველი რეჟიმის აღზრდა-განათლებამ,სადაც ყველასა და ყველაფერს დედაკაცს აბრალებენ და ერთი რომელიმეს ნაკლს მთელი ქალების ნაკლათა სთვლიან. ამ აზრით გამსჭვალულია არა მარტო მამაკაცები, არამედ ზოგი ჩვენთაგანიც და ისეთებიც, რომელთაც ქალთა უფლების აღდგენა სწადია.

მართალია, ჩვენ გვყვანან როგორც ყველა ერს, უსაქმური ქალები, რომელნიც ძვირფასიან ტანსაცმლის გაფუჭების მეტს არას აკეთებენ, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენცა გვყავს ინტელიგენტი მშრომელი ქალები, რომელთა ხელში არსებობს მრავალი კერძო სკოლები. ჩვენცა გვყავს იდეური მუშა ქალები და თავდადებული დედები. თუ რომ ჩვენი ქალების უმცირესი ნაწილი უსაქმურ ცხოვრებაში 60 მანეთიან ტუფლიკანებსა  სცვეთენ, ნუ დაგვავიწყდება ისეც, რომ ჩვენი უსაქმური მამაკაცები 600 მანეთს და 6000 მანეთებს კარტში და ქეიფში აქრობენ და ასეთი მათი  ნაკლი საერთო მამაკაცების ნაკლად რომ ჩაითვალოს, მაშინ თვით მთელი ერის მომავალზედაც ხელი უნდა ავიღოთ.

ჩვენ ვიცნობთ ისეთს ქალებს, რომლებიც ოჯახისა და შვილების საკეთილდღეოთ წელებზე ფეხს იდგამენ, მაშინ, როდესაც, მათ ქმრები უდარდელს ლხინსა და ქეიფს ეძლევიან. ჩვენ ვიცნობთ არა ერთსა და ორს დედებს, რომლებსაც უღარიბეს სიქვრივეში თავიანთი შვილებისთვის უმაღლესი სწავლა-განათლება მიუციათ და ოჯახი დაქცევიდან გადაურჩენიათ და თუ საზოგადო ასპარეზზე ქართველი ქალების აქტიურობა არა სჩანს, ამის მიზეზი გახლავთ ის უკუღმართი ზნეობრივი ატმოსფერო, გამეფებული მთელი საუკუნის განმავლობაში, რომელიც მას გასაქანს არ აძლევს.

როა შევიგნოთ ის, რომ ქართველს ქალს საზოგდო ასპარეზი ხელოვნურად დახშული აქვს. გვეყოფა თავის თავის და ურთიერთის დამცირება, გავიმსჭვალოთ მეტის პატივისცემითა და რწმენით ერთმანეთისადმი, თორემ იმ გზით რა გზითაც დღემდე გვივლია რომ ვიაროთ, კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ჩვენს უპიროვნო ცხოვრებას. მოვიგონოთ, რომ ჩვენ შთამომავალნი ვართ იმ დიდებულთა დედათა, რომელნიც მთელს აზიაში ერთადერთი იყვნენ ისტორიულად მონობას რომ არა ჰკადრულობდენ და თვით ბარბაროსული დროის მამაკაცები მის პიროვნებას უდიდეს პატივსა სცემდენ.

გვახსოვდეს, რომ ჩვენ ისტორიული ტიკინებიც კი არა ვართ, არამედ გაგრძელება იმ დიდებულ ქალთა მოდგმისა, რომელნიც ცნობილი იყვნენ არა მხოლოდ გარეგნული სიტურფით, არამედ შინაგანი სიმდიდრითაც, რომელთა თავისუფალი სული იმდენად მამაცი და ძლიერი იყო მტერთან, რამდენადაც სათნო და თავგაწირული მოყვარესთან. გვახსოვს, რომ ჩვენს ძველ დედებს შეეძლოთ არა მარტო სქესობრივად მოხიბვლა მამაკაცებისა, არამედ თავიანთი ადამიანური ღირსებითაც, რომლის დობასა და მეგობრობას ძველი ქართველნი ნატრობდენ და აფასებდენ. არსულ დროთა ღვეფლში კიდევ დარჩა ნაპერწკალი და თანამედროვე ქართველი ქალების მოვალეობაა აღანთოს თვისში ეგ მიმქრალი სულიერი ლამპარი შესაფერად ეხლანდელი ცხოვრებისა.

თავისუფალ საქართველოს სჭირია ნამდვილი მოქალაქენი ორთავე სქესში, რომელთაც ესმოდეს საჭიროება ხალხისა და თავიანთ სამშობლოსა, რომლის ცოდნას მათ მისცემთ მხოლოდ სწორუფლიანი მოქალაქეობრივი ცხოვრება. ამ აზრით უნდა გავიმსჭვალოთ დღეს ყველა ქართველი ქალები და ერთსულოვნებით შეუდგეთ აღდგენას ჩვენი ადამიანური უფლებისას. ამ მიზნით ვთხოვ კრებას დაეხმაროს ქალთა გაზეთის გამოცემას, რომელსაც ექნება დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი მამაკაცებისთვის, სადაც საშვალება გვექნება გამოვსთქვათ საჭიროება და მოთხოვნილებანი თავისუფალ ქართველი ქალისა და ვამცნოთ შინაურსა და გარეშეს ჩვენი ფიქრნი და ზრახვანი, რომლის საშვალებას მოგვცემს მხოლოდ საკუთარი პრესა. ამასთანავე, საჭიროა დაარსდეს ქართველ ქალთა კლუბი, რომლის მიზანი იქნება შექმნას ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენდეს ცენტრს ქუთაისის გუბერნიის ქალებისას. კლუბის ძირითად საკითხი იქნება დაეხმაროს სოციალისტურ პარტიებს კონტრ-რევოლუციის მოსაგერებლად და შემოკრიფოს თავის გარშემო რაც შეიძლება მეტი ძალა ქალთა ემანსპიციის მომხრეებისა. ასეთი შეერთებული ქალთა ორგანიზაცია თავის წვრებათ ჩასთვლის არა მარტო დედაკაცებს, არამედ იმ მამაკაცებსაც, რომელნიც ქალთა სწორუფლიანობას აღიარებენ და მის წევრობას მოისურვებენ.


კლუბი მისცემს სრულს თავისუფლებას თავის წევრებს თავიანთ პარტიულ რწმენაში. საჭიროა დღესვე არჩეულ იყოს ქალთა კლუბის აღმასრულებელი ბიურო. ჩვენ ვთხოვთ ყველას, ვისაც ქალთა ემანსიპაციის ჭეშმარიტ მეგობრათ მიაჩნია თავი, დაგვეხმაროს ასეთი კლუბის დაარსებაში. ქართველო მუშებო! იცოდეთ, რომ ყველაზე მეტად თქვენთვისაა საჭირო ადამიანური უფლებით აღჭურვილი გონიერი დედები, ცოლები, დები და შვილები, რომელნიც გვერდში ამოგიგებიან თქვენი წლოვანობის სხვადასხვა დროს, იმ მძიმე სოციალური უღლის გასაწევათ, რომელიც თქვენ გარგუნათ ბედმა.

მომეტებული წილი იცოდეთ, რომ თქვენი დები და შვილებია, რომელნიც სიღარიბითა და უუფლებო ცხოვრების გამო უზენო მამაკაცთა ტლანქი ჟინის მსხვერპლნი რომ ხდებიან და იღუპებიან. დაეხმარეთ ქალთა ემანსიპაციას, ჭეშმარიტი ამხანაგური გრძნობით გაიმსჭვალეთ ქალებისადმი, მოეხმარეთ, ასწავლეთ მათ სამოქალაქო საქმიანობა და თქვენ მალე ნახავთ თუ როგორს ნიჭს გამოიჩენენ ისენი საზოგადო საქმეში.

ჩვენ მოვითხოვთ ადგილობრივი სოციალისტური პარტიებიდან მათი ლოზუნგის ქალთა სწორუფლიანობის ეხლავე პრაკტიკულ ცხოვრებაში გატარებას. მოვითხოვთ აგრეთვე ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტიდან ქართველი ქალების სამოქალაქო საქმეში ჩაბმას.

ქართველო ქალებო! გაიმსჭვალეთ მოქალაქეობრივი გამბედაობით და ყველგან, სადაც კი დაესწროთ კრებებს მოითხოვეთ ქალების ხმის უფლება და მათი საერთო საქმეში ჩარევა.

დღეს გვეძლევა საშუალება ჩვენი საჭიროების გამოთქმისა, დღეს მოგვეცა თავისუფლება სიტყვისა და კრებებისა და ღირსეულად გამოვიყენოთ იგი, როგორც ჩვენთვის, ისე საერთო საქმის სასარგებლოთ.

გაუმარჯოს თავისუფალს რუსეთს! ჩვენი გულითადი სალამი ჩვენს დებს ჩრდილოეთისას! აღდგენა და წარმატება მრავალტანჯულს საქართველოს! წინსვლა და ამაღლება ქართველს ხალხის განურჩევლათ სქესთა!


წყაროები:
1.კატო მიქელაძე, აკაკი პარიზში, 1938 წ. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, კატო მიქელაძის არქივი, #20300-6.
2.იასონ ბაქრაძის წერილი გიორგი ზდანოვიჩს. 21 მარტი, 1916 წ. ქუთაისის ისტორიული
მუზეუმის არქივი. #6416/1974.
3.თამთა მელაშვილი "კატო მიქელაძე" ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები," ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, 2013
4. ინტერვიუ (28.02,2014) მერაბ კეზევაძესთან, ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი.



Thursday, April 3, 2014

ადგილები, ისტორიები - ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბი


დღეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ბევრი საუბრობს და მუშაობს ამ თემაზე,  თუმცა ცოტამ თუ იცის იმ ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენთან ქალთა პოლიტიკური გააქტიურების აუცილებლობაზე ფიქრი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ კი კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. 

ეს ქუთაისში მოხდა. ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბი 1917 წელს დაარსდა კატო მიქელაძის თაოსნობით. მისი დაარსებიდან მალევე, მიქელაძის რედაქტორობით ფემინისტური გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა"  გამოიცა.

კატო მიქელაძე
© ლიტერატურის მუზეუმი 
კატო მიქელაძე და სხვა ფემინისტები 
1917 წლის რევოლუციას და შემდგომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დიდი იმედებით შეხვდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ იმდროინდელი პოლიტიკური კონტექსტი ძალიან უწყობდა ხელს ქალთა პოლიტიკური მოთხოვნების წინ წამოწევას. კატო მიქელაძის აზრით საქართველოს გათავისუფლებასთან ერთად ქართველი ქალის გათავისუფლებაც უნდა მომხდარიყო, ქალებს  პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსასვლელად კი მეტი საშუალება უნდა მისცემოდათ.  ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბი  მოგვიანებით ქალთა ინტერპარტიულ ლიგად გადაკეთდა. იგი ერთგვარ "საამქროდ" უნდა ქცეულიყო, რომელიც ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად გზას გაუხსნიდა და პოლიტიკური კარიერისთვის მოამზადებდა. პოლიტიკურ კლუბს და ინტერპარტიულ ლიგას ჰქონდათ პროგრამები, რომელიც სხვა არაფერია თუ არა 100 წლის წინ დაწერილი გენდერული თანასწორობის კანონი. ამ პროგრამების მიხედვით ქალისა და კაცის "სწორუფლიანობა" ახალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველი უნდა ყოფილიყო. 

პოლიტიკური კლუბი მოითხოვდა კანონით განმტკიცებულ და დაცულ თანასწორობას, პირობების შექმნას და ქალებისთვის ხელშეწყობას მოეპოვებინათ ერთ-ერთი უმთავრესი უფლება: აერჩიათ და თავად ყოფილიყვნენ არჩეული. ქალთა პოლიტიკურ კლუბს კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა დამფუძნებელი კრებისადმი განათლების, ანაზღაურების, მემკვიდრეობის, პოლიტიკური მონაწილეობის თანაბარი ხელმისაწვოდმობის შესახებ. ასი წლის შემდეგ საქართველოში ეს მოთხოვნები კვლავაც აქტუალურია. 

ინტერპარტიული ქალთა ლიგის პროგრამის პირველი გვერდი
© ლიტერატურის მუზეუმი

ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიურო კვირაში ერთხელ მართავდა შეკრებებს. შეკრებების შესახებ ინფორმაცია გაზეთის საშუალებით "ხმა ქართველი ქალისა" ვრცელდებოდა. აქ თითქმის ყველა ნომერში ნახავთ განაცხადს კლუბის ბიუროს და წევრების შეკრებების შესახებ. ბიურო მაშინდელი თბილისის ქუჩაზე, სასტუმრო "იმპერიალის" გვერდით მდებარეობდა. თბილისის ქუჩას ახლა თამარ მეფის ქუჩა ჰქვია, სასტუმრო "იმპერიალის" შენობა ისევ დგას, თუმცა მის გვერდით არსებული შენობა, სადაც შეკრებები იმართებოდა აღარ არსებობს. 

ყოფილი სასტუმრო "იმპერიალი"
© ლიკა ლეჟავა

ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბი და ქუთაისის ინტერპარტიული ლიგა 
ქალთა პირველი პოლიტიკური ინიციატივა იყო საქართველოს ისტორიაში.  ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გაესვას იმას, რომ ეს ინიციატივა თავად ქალებისგან და მათი ფემინისტი ლიდერისგან - კატო მიქელაძისგან მოდიოდა. არაა გასაკვირი, რომ ამ ინიციატივას ბევრი დაბრკოლება შეხვდა, რომელთა გადასალახავად  ქალებს მობილიზება, გაერთიანება სჭირდებოდათ. გაერთიანების აუცილებლობა კლუბის წევრებს კარგად ესმოდათ. 

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა კლუბები არ ყოფილა დღეგრძელი მაშინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის სიმყიფის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ქალთა პოლიტიკური ინიციატივების ისტორიას საქართველოში, ვიცოდეთ როგორ იბრძოდნენ გასულ სუკუნეში თანასწორობის მისაღწევად.  


ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბის პროგრამა


1) ვღებულობთ რა მხედველობაში დედრობითი სქესის უუფლებო მდგომაროებით გამოწვეულს დამღუპველ მოვლენას, როგორც ოჯახისთვის, ისე საზოგადოებისთვის და მოდგმისათვის, ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბი თავის მიზნათ ისახავს ორთავე სქესის პიროვნულად სრულს გათანასწორებას კანონისა და სამართლის წინაშე. ქალთა პოლიტიკური და მოქალაქური უფლების აღსადგენათ და ამ უფლების პრაქტიკულ ცხოვრებაში გასატარებლათ ქუთაისის ქალთა კლუბი უკეთეს საშვალებათ რიცხავს თანამოაზრეთა ორაგნიზაციულ შეერთებას.

2) ქალი არის ისეთივე გონიერი და გრძნობიერი არსება, როგორც მამაკაცი და უნდა სარგებლობდეს ადამიანის სრული უფლებითაც.

3) ვღებულობთ რა მხედველობაში, დღევანდელს ისტორიული მომენტის სიდიადეს, ჩვენ რევოლუციონერ პარტიებთან ერთად მხარს ვუჭერთ ისეთს პოლიტიკური წეს-წყობილების ფორმას, რომელიც უფრო მეტად უზრუნევლსა ჰყოფს ადამიანის პიროვნულს თავისუფლებასა და მის მოქალაქობრივ უფლებას. ისეთი მმართველობის ფორმათ კი მიგვაჩნია მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკა. ამისთვის დამფუძნებელ კრების არჩევნებში ჩვენ მთელი ენერგიით მოვითხოვთ დაცვას და განმტკიცებას დემოკრატიული რესპუბლიკის  მმართველობისას საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და დაფარული კენჭის ყრის უფლებით განურჩევლად სქესისა.

4) თითეული ნორმალური სრული წლოვანი ადამიანი მცხოვრები რომელიმე სახელმწიფოში ხანგრძილვათ, რომლიდანაც მოითხოვენ კანონის წინაშე მორჩილებას, უნდა სარგებლობდეს ხმის უფლებით.

5) მოვითხოვთ, რომ ქალებს მიენიჭოს იგივე ხმა არჩევნებში და იყოს არჩეული ისევე, როგორც საკანონმდებლო კრებაზე, ისე პროვინციალურ და სათემო მმართველობაში, როგორც ყოველივე მოქალაქე მამაკაცი, რომელიც რაიმე ბოროტ მოქმედებისთვის, ან სნეულებით არ არის უფლება აყრილი.

6) მოვითხოვთ, რომ თითეულმა არსებულმა პარტიამ, რომლებიც გამოდიან სამართლიანობას, თანასწორობის და პროგრესის დამცევლად თავის დროშაზე დააწეროს “თანასწორობა წინაშე სამართლისა განურჩევლად სქესთა” და დაიცვას ასეთი თანასწორობა ისეთივე სურვილითა და ენერგიით, როგორც სხვა რომელიმე მათ მიერ წამოყენებული საჭირო მოთხოვნილება.

7) მოვითხოვთ ყველა იმ პარტიებიდან, რომლებიც აღიარებენ არჩევანთა უფლებას განურჩევლად სქესთა, რომ თითეული მათგანის საარჩევნო სიაში შეტანილი იყოს თავიანთ პარტიულ ამხანაგ მამაკაცის სახელთან ერთად ამხანაგ ქალის სახელიც.

8) მოვითხოვთ მომავალ დამფუძნებელ კრებაზე კონსტიტუციის შემუშავებაში ქალებიც ღებულობდენ მამკაცებთან თანასწორ მონაწილეობას.

9) ვღებულობთ რა მხედველობაში, რომ ყოველივე საპატიო და სასარგებლო თანამდებობის მიღების იმედი არის საუკეთესო სტიმული ადამიანის განმანათლებელ გზაზე დადგომისა, რადგან შეუძლებელია ცოდნის წყურვილის აღძრა და შეძენილი ცოდნის გამოყენება, თუ რომ ადამიანს არა აქვს სრული უფლება მისი მოხმარებისა, მოვითხოვთ თითეული ქალ-ვაჟის თანაბრათ ხელის მიწდომას ყოველგვარი სამოქალაქო და ოფიციალურ თანამდებობაზე, შესაფერად მათი მომზადებისა.

10) ვღებულობთ რა მხედველობაში აშკარა უსამართლობას, რომელსაც იწვევს სქესთა პიროვნული უთანასწორობა კანონისა და სამართლის წინაშე, მოვითხოვთ ხელახლა გადახედვას როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სასამართლო კანონებისას და გაუქმებას მამრობითი სქესის პრივილეგიისას და სქესთა სასჯელის სხვადასხვაობას ერთსა და იმავე დანაშაულზე.

11) ვღებულობთ რა მხედველობაში პროსტიტუციის საშინელს გავლენას ოჯახისა და საზოგადოებისთვის, რომელსაც მიჰყავს ერი და კაცობრიობა გადაგავრებამდე, მოვითხოვთ ამ სამარცხვინო ინტიტუტის რეგლამენტაციის გაუქმებას.

12) ვღებულობთ რა მხედველობაში ერთი სქესის გარყვნილი ცხოვრების უპასუხისმგებლობის სიავეს, როცა მეორე სქესს ასეთი ცხოვრებისათვის უსასტიკეს პირობში აყენებენ, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ პროსტიტუტ ქალთა ძალდატანებითი შემოწმების მოსპობას.

13) მოვითხოვთ, რომ გაუქმებული იყოს მემკვიდრეობითი პრივილეგია, რომ ქალსა და ვაჟს ერთნაირი წილი ედვას მემკვიდრეობით ქონებაზე.

14) მოვითხოვთ ცოლ-ქმართა თანასწორ უფლებას შვილებზე და თავიანთ შინაურ ცხოვრებაზე.

15)  მოვითხოვთ ერთნაირ აღზრდა-განათლებას ორთავე სქესისათვის, როგორც დაწყებით სკოლებში, ისე საშვალო და უმაღლეს სასწავლებლებში.

16) მოვითხვოთ თანასწორ ხელფასსა და ჯამაგირს ორთავე სქესისათვის ერთსა და იმავე შრომაში და თანასწორ მონაწილეობას სარგებელში და ჯილდოში ყოველგვარ საწარმოო საქმეში.

17) მოვითხოვთ თანასწორ მონაწილეობას ადმინისტრაციაში და კანონმდებლობაში, როგორც სამუნიციპალიტეტო, ისე სახელმწიფო და საერო მმართველობაში საკნონმდებლო კრებებით, სასამართლოებითა და აღამასრულებელი თანამდებობით. მოვუწოდებთ რა ერთობისაკენ ქალებს, განურჩევლად ეროვნებისა, ეკონომიური კატეგორიისა და პარტიულ მიმართულებისა, თავიანთი სპეციალური დედაკაცის ინტერესის დასაცველად და მათი ადამიანური უფლების აღსადგენათ, ჩვენ არ ვივიწყებთ მნიშვნელობას კლასთა ბრძოლისასაც, როგორც უკანასკნელის არსებობამ არ უნდა დაგვავიწყოს უფლებრივი ბრძოლა სქესთა შორის არსებული.


წყაროები:
1."ხმა ქართველი ქალისა", 1917 #6
2.ამიერკავკასიის სეიმის მიმართ დეკლარაცია ქუთაისის ინტერპარტიულ ქალთა სწორუფლიანობის ლიგისა, 1918 წელი. ლიტერატურის მუზეუმის არქივი # 8404.
3. თამთა მელაშვილი, "კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები", ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, 2013.
4. გოგი კოპალიანი, "ქუთაისის ქუჩები, ცნობარი," ენციკლოპედია ქუთაისი, 2010
5. ინტევრიუ (28.02.2014) მერაბ კეზევაძესთან, ქუთაისის ცენტრალური არქივის დირექტორი.