Tuesday, April 29, 2014

ადგილები, ისტორიები - ქუთაისის ქალთა გიმნაზია

ქუთაისის ქალთა გიმნაზია ერთ-ერთი პირველი ქალთა სასწავლებელია საქართველოს ისტორიაში. ის 1847 წელს კერძო შემოწირულობების ხარჯზე წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ინიციატივით დაარსდა . წმინდა ნინოს საქველმოქმედო საზოგადოება დიდგვაროვან და სოციალურად აქტიურ ქალებს აერთიანებდა.

გიმნაზია მე-19 საუკუნის ბოლოს
© უცნობი ქუთაისი

1876 წელს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ხელმძღვანელმა პელაგია წერეთელმა ქუთაისში სტუმრად ჩასულ კავკასიის მეფისნაცვალს მიხეილ რომანოვს საზოგადოების სახელით შუამდგომლობა სთხოვა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთებულიყო, რაც სასწავლებლის სტატუსის ამაღლებას, მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდას და საგნების გამრავალფეროვნებას ნიშნავდა. პელაგია წერეთლის თხოვნა მეფისნაცვალმა დააკმაყოფილამალე სასწავლებელს ახალი კლასები დაემატა. 1889 წელს გიმნაზია რვა, 1910-იან წლებში კი უკვე 12 კლასიანი გახდა. გიმნაზიაში ისწავლებოდა საღვთო სჯული, პედაგოგიკა, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა, არითმეტიკა, კალიგრაფია, გეოგრაფია, ფრანგული და გერმანული, ლათინური ენები, ფიზიკა, ისტორია, კანონთმცოდნეობა, გალობა, ცეკვა, ხელგარჯილობა. მოსწავლეთა ფორმად მიღებული იყო "ლურჯი კაბა თეთრი საყელოთი და სამაჯურებით, შავი წინსაფარი და შავი ბაფთა." 

გიმნაზისტკები
© ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში, მე-20 საუკუნის დასაწყისში სწვლობდნენ ქართველი ფემინისტები - კატო მიქელაძე და ნინო ტყეშელაშვილი. ირველი ქალი პარლამენტარები საქართველოს ისტორიაში - დამფუძნებელი კრების წევრები სოციალ-დემოკრატების სიითმინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე და ქრისტინე შარაშიძე. ქრისტინე და მინადორა სწორედ გიმნაზიაში სწავლისას ჩაერთვნენ აქტიურად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივიზმში. აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელების გამო ქრისტინე შარაშიძე სასწავლებლიდან გარიცხეს კიდეც.

გიმნაზია დღეს
© ლიკა ლეჟავა 

1921 წლამდე სასწავლებელს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის სტატუსი ჰქონდა. საბჭოთა პერიოდში გიმნაზია ტექნიკუმად შემდეგ კი სკოლად გადაკეთდა.  1995 წლიდან გიმნაზია ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაა.

წყაროები:
1. ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის არქივი.
2. "დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ" sovlab, 2012. 

No comments:

Post a Comment